ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს სთხოვს გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მან 2022 წელს სოციალური ქსელის Twitter-ის შეძენამდე აქციონერები შეცდომაში შეიყვანა.
The Hill-ის ინფორმაციით, მასკის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აქციონერებმა ვერ დაადასტურეს პირდაპირი კავშირი მათ ფინანსურ ზარალსა და მილიარდერის მიერ გარიგების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს შორის.
საქმე Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენას უკავშირდება.
2022 წლის 13 მაისს კომპანიის აქციების ღირებულება 9.7%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ გარიგება დროებით შეჩერებული იყო და მას პლატფორმაზე ყალბი და სპამანგარიშების რაოდენობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა.
აქციონერები ამტკიცებდნენ, რომ მასკი აღნიშნული საკითხის გამოყენებით კომპანიის აქციების ფასის შემცირებას ცდილობდა, რათა გარიგების უფრო ხელსაყრელი პირობებისთვის მიეღწია ან კომპანიის შეძენაზე უარი ეთქვა.
2026 წლის მარტში სან-ფრანცისკოს სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მასკმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ორი განცხადებით ინვესტორები შეცდომაში შეიყვანა. თუმცა მათ არ გაიზიარეს ბრალდება, რომლის მიხედვითაც მილიარდერი აქციონერთა მოტყუების უფრო ფართო სქემაში მონაწილეობდა.
ივლისში ფედერალურმა მოსამართლემ ჩარლზ ბრეიერმა ერთ-ერთ განცხადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა 2022 წლის 13 მაისის განცხადების ნაწილში ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მასკის მოთხოვნა საქმის ხელახალი განხილვისა და კოლექტიური სარჩელის სტატუსის გაუქმების შესახებ.
აქციონერთა ინტერესების დამცველი ადვოკატის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, მასკს შესაძლოა 2.6 მილიარდი დოლარის კომპენსაციისა და დამატებით პროცენტის გადახდა დაეკისროს.
კომპენსაციის გაცემა სასამართლო დავის საბოლოო შედეგზე იქნება დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკმა Twitter-ის შეძენა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა, თავდაპირველად შეთანხმებულ ფასად – 54.20 დოლარად თითო აქციაზე. მოგვიანებით სოციალურ ქსელს სახელწოდება შეუცვალა და X დაარქვა.