აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის კონსტიტუციური უფლებამოსილებების საკითხზე დაპირისპირების ახალი ეტაპია მოსალოდნელი.
როგორც ამერიკული გამოცემა The Hill წერს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური და სამართლებრივი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კონგრესის ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლები იქნება.
დემოკრატები დონალდ ტრამპის ოჯახის ბიზნესსაქმიანობის, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ინტერესების, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების საქმიანობისა და საიმიგრაციო პოლიტიკის შესწავლას გეგმავენ. თეთრი სახლი კი მოსალოდნელი გამოძიებების საპასუხოდ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ მექანიზმებს უკვე ამზადებს.
კონგრესის უფლებამოსილება და ისტორიული სამართლებრივი პრეცედენტები
The Hill-ის შეფასებით, მოსალოდნელი სამართლებრივი დაპირისპირების გასაანალიზებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ორ გადაწყვეტილებას ენიჭება.
პირველი მათგანი 1927 წელს განხილული საქმე McGrain v. Daugherty-ია, რომელიც პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის ადმინისტრაციის პერიოდში გახმაურებულ კორუფციულ სკანდალს – Teapot Dome-ს უკავშირდებოდა.
მაშინ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონგრესს აქვს მოწმეების ჩვენების მიცემის იძულების უფლებამოსილება, რადგან კანონმდებლებს საკანონმდებლო საქმიანობის განსახორციელებლად სრულყოფილი და სანდო ინფორმაცია სჭირდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კონგრესის საგამოძიებო და ზედამხედველობის უფლებამოსილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძვლად იქცა.
თუმცა დემოკრატების ინიციატივების წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა შესაძლოა სხვა პრეცედენტი გამოიყენონ – Trump v. Mazars, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში მისი პირადი ფინანსური დოკუმენტების მოპოვების მცდელობას უკავშირდებოდა.
უზენაესმა სასამართლომ მაშინ განმარტა, რომ პრეზიდენტის პირადი ინფორმაციის მოთხოვნისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს.
სასამართლომ ოთხი ძირითადი კრიტერიუმი განსაზღვრა:
- რამდენად აუცილებელია პრეზიდენტის პირადი დოკუმენტების მოპოვება საკანონმდებლო მიზნის მისაღწევად;
- სცდება თუ არა მოთხოვნის მოცულობა გონივრულად აუცილებელ ფარგლებს;
- არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია კანონიერ საკანონმდებლო მიზანს ემსახურება;
- რამდენად მნიშვნელოვან დამატებით ტვირთს აკისრებს მოთხოვნა პრეზიდენტს.
სწორედ ეს კრიტერიუმები შეიძლება გახდეს ტრამპის პირადი და ფინანსური დოკუმენტების მოპოვების საკითხზე მომავალი სამართლებრივი დავების საფუძველი.
რა საკითხების გამოძიებას გეგმავენ დემოკრატები?
The Hill-ის ინფორმაციით, დემოკრატებმა უკვე გამოკვეთეს რამდენიმე მიმართულება, რომელთა შესწავლასაც წარმომადგენელთა პალატაში ზედამხედველობის უფლებამოსილების მიღების შემდეგ გეგმავენ.
ტრამპის ოჯახის ბიზნესსაქმიანობა – დემოკრატების ინტერესის საგანია ჯარედ კუშნერის საქმიანობა კერძო საინვესტიციო კომპანიაში, პარალელურად კი მისი მონაწილეობა საერთაშორისო კონფლიქტებთან დაკავშირებულ ამერიკულ დიპლომატიურ პროცესებში.
კრიპტოვალუტის ბიზნესი – კანონმდებლები გეგმავენ World Liberty Financial-ის საქმიანობის შესწავლას. კრიპტოვალუტის პროექტი დონალდ ტრამპმა შვილებთან, დონალდ ტრამპ უმცროსთან და ერიკ ტრამპთან ერთად 2024 წელს წამოიწყო.
თეთრი სახლის პროექტების დაფინანსება და სახელმწიფო კონტრაქტები – გამოძიების შესაძლო მიმართულებებს შორისაა თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის კორპორაციული დონორები, კონკურსის გარეშე გაფორმებული სახელმწიფო კონტრაქტები და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტი.
საიმიგრაციო პოლიტიკა – დემოკრატები აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) თანამშრომლების მოქმედებების შესწავლასაც გეგმავენ. მათ შორისაა მინესოტაში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდისა და ალექს პრეტის, სასიკვდილოდ დაჭრის შემთხვევები.
ჯეფრი ეფშტეინის საქმე – კონგრესის ყურადღების ცენტრში შესაძლოა მოექცეს ადმინისტრაციის მიერ ეპსტინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების მართვისა და გასაჯაროების საკითხიც.
ამ ეტაპზე საუბარია დაგეგმილ საგამოძიებო მიმართულებებზე და არა უკვე დადგენილ სამართალდარღვევებზე.
თეთრი სახლი მოსალოდნელი გამოძიებებისთვის ემზადება
The Hill-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ დემოკრატების მოსალოდნელი საგამოძიებო ინიციატივების საპასუხოდ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაიწყო.
მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ, დემოკრატმა რობერტ გარსიამ, ადმინისტრაციას სამართლებრივი დაცვისთვის მომზადებისკენ მოუწოდა, თეთრი სახლის იურიდიულმა მრჩეველმა უილ შარფმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გააფრთხილა კანონმდებლები, რომ გამოძიების გარკვეული ფორმები შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს წარმოშობდეს.
ამასთან, ტეხასის სამხრეთ ოლქის ფედერალურმა პროკურორმა აარონ რაიცმა რამდენიმე გავლენიან დემოკრატ სენატორს დოკუმენტების შენარჩუნების მოთხოვნით მიმართა.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებასაც, რომელიც ფედერალურ კონტრაქტორებს ავალდებულებს, კონგრესისგან მიღებული მოთხოვნების შესახებ თეთრ სახლს აცნობონ და დაიცვან მისი მითითებები აღმასრულებელი ხელისუფლების პრივილეგიით დაცული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ.
ადმინისტრაციის პოზიციით, აღნიშნული მექანიზმი აღმასრულებელი ხელისუფლების კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას ემსახურება.
სამართლის ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი განკარგულება ფედერალურ კონტრაქტორებს რთული სამართლებრივი არჩევანის წინაშე აყენებს – მათ შესაძლოა ერთდროულად მოუწიოთ თეთრი სახლის მითითებებისა და კონგრესის მოთხოვნების შესრულება.
ხელისუფლების დანაწილების საკითხი კვლავ დღის წესრიგშია
მოსალოდნელი დაპირისპირება მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების ან ბიზნესსაქმიანობის გამოძიებას არ უკავშირდება. მისი მთავარი სამართლებრივი საკითხი კონგრესის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ფარგლების განსაზღვრაა.
დემოკრატებისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის დასაბუთება, რომ მათი საგამოძიებო მოთხოვნები კანონიერ საკანონმდებლო მიზანს ემსახურება, ხოლო თეთრი სახლი, სავარაუდოდ, საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილებებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
The Hill-ის შეფასებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სწორედ ამ საკითხებმა შესაძლოა განსაზღვროს კონგრესისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ურთიერთობის სამართლებრივი და პოლიტიკური დინამიკა.
წყარო: The Hill