ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, გადატვირთულ მაგისტრალზე საწვავმზიდის ავარიისა და მასშტაბური ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ოთხშაბათს, საღამოს, ქალაქის ისტორიული ცენტრის ჩრდილოეთით, ვარაქის რაიონში, შემოვლით საავტომობილო გზაზე მოხდა.
დაშავებულები, რომლებმაც სხეულის დამწვრობა მიიღეს ან კვამლით მოიწამლნენ, ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს მასშტაბური ხანძარი, შავი კვამლის სქელი ღრუბელი და ცეცხლმოკიდებული ავტომობილები.
ეგვიპტის სახელმწიფო გამოცემა Al-Ahram-ის ინფორმაციით, რომელიც გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა, საწვავმზიდს წინ მაღალი ძაბვის სადენი ჩამოუვარდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი გზის გამყოფ ზოლს გადასცდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღვრილი საწვავის შედეგად ხანძარი მიმდებარე ავტომობილებზეც გავრცელდა.
ხელისუფლებას შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
რეგიონულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დაღუპულთა იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ნიმუშების აღების განკარგულება გასცა.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 39 ეკიპაჟი გაგზავნეს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ერთ-ერთ საავადმყოფოში დაშავებულთა მკურნალობის პროცესს პირადად გაეცნო.
BBC აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ეგვიპტეში არაერთი მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა. მოძველებული ინფრასტრუქტურა, არაგეგმური განაშენიანება და საგანგებო სამსახურების დაგვიანებული რეაგირება მსგავსი ინციდენტების შედეგებს ხშირად ამძიმებს.
ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საგზაო უსაფრთხოებაც. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევებს თითქმის 6 000 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა წლის მაჩვენებელს რამდენიმე ასეულით აღემატება.
ეგვიპტის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, საგანგებო სამსახურებმა მაგისტრალი დამწვარი ავტომობილებისგან უკვე გაათავისუფლეს და საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
წყარო: BBC
