ამერიკელმა მილიარდერმა ტოდ ბოელიმ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო ენერგეტიკული აქტივების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

Reuters-ის ინფორმაციით, გარიგებაში მონაწილეობს საინვესტიციო კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) შედის.

შეთანხმება, რომელსაც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები უძღოდა წინ, „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების სანაცვლოდ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გაცვლას ითვალისწინებს.

გარიგებას აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) თანხმობა სჭირდება. უწყებამ „ლუკოილს“ სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, გარიგების დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა კონსორციუმის კერძო ინვესტორების მიერ დაბანდებული კაპიტალისა და შეთანხმებული უკუგების მიღების შემდეგ სამომავლო მოგების ნაწილს მიიღებს. ამასთან, ვაშინგტონს კომპანიის მმართველ ორგანოშიც ექნება წარმომადგენლობა.

გარიგების ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვა და მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ბაზრებზე ამერიკული გავლენის გაძლიერებაა.

რას მოიცავს „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივები?

„ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების პორტფელის ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში საქმიანობას მოიცავს.

პორტფელში შედის:

  • ნავთობის საბადოები აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში;
  • ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში;
  • ავტოგასამართი სადგურების ფართო საერთაშორისო ქსელი, მათ შორის აშშ-ში.

ბოელის განცხადებით, აქტივების საბოლოო შეფასება შესაძლოა ნავთობის საერთაშორისო ფასების დინამიკის მიხედვით შეიცვალოს.

გარიგების სტრატეგიული მნიშვნელობა და შუა დერეფანი

ამერიკელი მილიარდერი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აქტივების გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მათ მნიშვნელობაზე შუა დერეფნისთვის, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს და რუსეთის სამხრეთით, ირანის ჩრდილოეთით გადის.

გარიგების ფარგლებში გამოყენებული „ლუკოილის“ ფასიანი ქაღალდები ამერიკული და ბრიტანული საინვესტიციო ფონდებისგან, ასევე ამერიკული სადეპოზიტარო ბანკებისგან შეიძინეს.

აღნიშნული აქციები 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაიყინა და მათი საბალანსო ღირებულება შემცირდა.

შეთანხმების პირობების თანახმად, ფასიანი ქაღალდები პირდაპირ რუსულ კომპანიას არ გადაეცემა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სპეციალურ ესქრო ანგარიშზე განთავსდება. ეს მექანიზმი მიზნად ისახავს რუსეთის კომპანიისთვის გაუთვალისწინებელი ფინანსური სარგებლის მიღების თავიდან აცილებას.

გარიგების დასრულებას შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს

ბოელის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან ერთად ამერიკული საინვესტიციო ბანკი Xtellus Partners და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Catena Investment Holding მონაწილეობენ.

კონსორციუმის წევრებს შორის საკუთრების წილების განაწილება ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ბოელის შეფასებით, გარიგების საბოლოო დასრულებას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს. შეძენის შემდეგ ენერგეტიკული აქტივების მმართველ კომპანიას სახელწოდებაც შეეცვლება.

აღსანიშნავია, რომ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების შეძენით მანამდე სხვა მსხვილი საინვესტიციო ჯგუფებიც იყვნენ დაინტერესებული, მათ შორის Gunvor და Carlyle, თუმცა გარიგებების დასრულება ვერ მოხერხდა.