25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური ერთ კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.
ახალი რეგულაცია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით ამოქმედდა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 61-65-ე ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე ვრცელდება, დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
ცვლილებამდე იმპორტიორებს შესაბამის შემთხვევებში საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდათ. ახალი წესით კი მომსახურების საფასური იმპორტირებული საქონლის წონაზე იქნება დამოკიდებული.
მაგალითად, 500 კილოგრამი საქონლის გაფორმების საფასური 1 500 ლარს შეადგენს, ერთი ტონის შემთხვევაში კი 3 000 ლარს მიაღწევს, რაც ძველ ფიქსირებულ ტარიფზე ექვსჯერ მეტია.
რა კატეგორიის პროდუქციაზე ვრცელდება ახალი რეგულაცია?
ცვლილება პროდუქციის ფართო ასორტიმენტს მოიცავს, მათ შორის:
- ტრიკოტაჟისა და არატრიკოტაჟის ტანსაცმელსა და აქსესუარებს;
- მაისურებს, პერანგებს, შარვლებს, ჯინსებს, კაბებსა და ქურთუკებს;
- სპორტულ და საბავშვო ტანსაცმელს;
- საცვლებსა და წინდებს;
- მზა ტექსტილის ნაწარმს;
- ფეხსაცმელსა და მის ნაწილებს;
- თავსაბურავებსა და მათ ნაწილებს.
ახალი მომსახურების საფასური საქონლის წონის მიხედვით დაანგარიშდება და არა მისი საბაჟო ღირებულების საფუძველზე.
ამასთან, ახალი ტარიფი არ ანაცვლებს იმპორტის გადასახადსა და დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ).
წონაზე მიბმული საფასური შესაბამისი არსებული საბაჟო მომსახურების ტარიფის ნაცვლად იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ახალი წესით დაანგარიშებული თანხა ძველ საფასურს აღემატება.
ვის არ შეეხება ახალი რეგულაცია?
მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისი.
ახალი ტარიფი არ გავრცელდება:
- 6309 სასაქონლო პოზიციით კლასიფიცირებულ მეორად ტანსაცმელსა და შესაბამის ნახმარ ნაწარმზე;
- 6310 კოდით კლასიფიცირებულ ტექსტილის ნარჩენებზე;
- ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სავაჭრო შეთანხმებებით გათვალისწინებულ შეღავათიანი წარმოშობის საქონელზე, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში;
- საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის გამოყენებით გაფორმებულ საქონელზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნიდან პროდუქციის შემოტანა ავტომატურად არ ნიშნავს ახალი საფასურისგან გათავისუფლებას. გადამწყვეტია საქონლის შეღავათიანი წარმოშობა და შესაბამისი დოკუმენტაციის – EUR.1 სერტიფიკატის ან წარმოშობის დეკლარაციის არსებობა.
დადგენილებით გათვალისწინებულ შეღავათიანი წარმოშობის გამონაკლისებში არ შედიან თურქეთი და ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორივე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.
როგორ აისახება ცვლილება ბიზნესსა და სამომხმარებლო ფასებზე?
ახალი რეგულაცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის იმპორტით დაკავებული კომპანიების ნაწილისთვის დამატებით ფინანსურ ხარჯს წარმოშობს.
ცვლილების ეკონომიკური გავლენა დამოკიდებული იქნება იმპორტირებული პროდუქციის წონაზე, წარმოშობასა და იმ მომსახურების საფასურზე, რომელსაც კომპანიები აქამდე იხდიდნენ.
წონაზე მიბმული ტარიფის პირობებში, ერთი და იმავე წონის ძვირადღირებული და შედარებით დაბალფასიანი პროდუქციის გაფორმების მომსახურების საფასური თანაბარი იქნება. შესაბამისად, ცვლილებამ შესაძლოა განსხვავებული გავლენა მოახდინოს სხვადასხვა საფასო სეგმენტში მოქმედ კომპანიებზე.
ცვლილება საქართველოს მთავრობის №535 დადგენილებით შევიდა შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურებისა და მათი განაკვეთების განმსაზღვრელ 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში.