“ამაზონის” თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებს მართავენ. დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.
საპროტესტო კამპანია „”შავ პარასკევსა” და “კიბერ ორშაბათს” ემთხვევა პერიოდს, რომელიც ელექტრონული კომერციის გიგანტისთვის წლის ყველაზე დატვირთული გაყიდვების სეზონია.
დემონსტრაციები კომპანიის საწყობებთან, სადისტრიბუციო ცენტრებთან და ოფისებთან იმართება.
აქციები საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანების UNI Global Union-ისა და Progressive International-ის ორგანიზებით, კამპანიის “ამაზონმა უნდა გადაიხადოს” (Make Amazon Pay) ფარგლებში მიმდინარეობს.
კამპანიის მონაწილეები კომპანიისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურების გაზრდას, პროფკავშირებთან მოლაპარაკებების დაწყებასა და დასაქმებულთა გაერთიანების უფლების პატივისცემას მოითხოვენ.
გერმანიაში გაფიცვა “ამაზონის” 11 ობიექტს მოიცავს. საპროტესტო აქციები და სოლიდარობის ღონისძიებები ასევე დაგეგმილია აშშ-ში, ინდოეთში, კანადასა და იაპონიაში.
პროფკავშირები კომპანიას თანამშრომლების მიმართ მკაცრი კონტროლის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, “ამაზონი” დასაქმებულთა საქმიანობის მონიტორინგისთვის ციფრული თვალთვალის სისტემებს იყენებს.
ინდოეთში კომპანიის საწყობის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ მენეჯმენტი მის თითქმის ყოველ მოქმედებას აკონტროლებს, მათ შორის წყლის დასალევად და საპირფარეშოთი სარგებლობისთვის გამოყოფილ დროსაც.
ეკონომიკური კონტექსტი
გაფიცვებისთვის წლის ყველაზე დატვირთული სავაჭრო პერიოდის შერჩევა პროფკავშირების მხრიდან კომპანიაზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.
“შავი პარასკევისა” და “კიბერ ორშაბათის” პერიოდში ონლაინშეკვეთების გაზრდილი მოცულობა განსაკუთრებით ზრდის დატვირთვას საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებზე. გაფიცვების შესაძლო გავლენა შეკვეთების დამუშავებასა და მიწოდების ვადებზე დამოკიდებული იქნება საპროტესტო კამპანიის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზე.
წყარო: Sky News