უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის ძალების თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის 49 დასახლებულ პუნქტზე 701 დარტყმა განახორციელეს, მათ შორის 18 საჰაერო დარტყმა. თავდასხმებისას ასევე გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 539 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ იუწყებიან

პარალელურად, რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

Telegram-არხი Astra ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქში აფეთქებების შემდეგ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცეცხლი საწვავის რეზერვუარებს გაუჩნდა.

ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 2009 წელს ამოქმედდა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში ნავთობპროდუქტების ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად მიიჩნევა.

გარდა ამისა, Telegram-არხი Exilenova+ რუსეთის სამარის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურის კიდევ ერთ ობიექტზე – საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარაზე“ შესაძლო თავდასხმის შესახებ იუწყება.

ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ გავრცელდა. უკრაინული მედიის ცნობით, წინა თავდასხმის შემდეგ საწარმომ მუშაობა შეაჩერა.