28 ნოემბერს საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორი წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისში საპროტესტო მსვლელობები და აქცია გაიმართება. პარალელურად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა. ამასთან, ხელისუფლებამ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე უარის თქმის გადაწყვეტილებაც მიიღო.

აღნიშნულ განცხადებას თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რომლებიც შემდგომ უწყვეტი პროტესტის ფორმით გაგრძელდა.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა ძირითად მოთხოვნებად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების გათავისუფლება ჩამოყალიბდა.

საპროტესტო მსვლელობები თბილისში

28 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებების ფარგლებში მოქალაქეები და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციის ალიანსის წევრები, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბებიან.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების ნაწილი ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრება. მსვლელობები თავისუფლების მოედნის მიმართულებით გაიმართება.

რასა იუკნევიჩიენეს მიმართვა ქართველ ხალხს

საქართველოში უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ორი წლის გასვლას ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქართველ ხალხს ვიდეომიმართვით მიმართა.

„ორი წელია, ქართველები საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის ყოველდღიურად ქუჩებში გამოდიან.

ყოველი პროტესტის უკან პირადი მსხვერპლი, რთული არჩევანი და საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარული დგას. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ცვლილება ადრე თუ გვიან მოვა!“ – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარი ვიდეომიმართვაში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებებსა და ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრობს.

„დღეს საქართველოში აქციაზე გასვლა ხალხს ძვირად უჯდება. ათასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს მშვიდობიანი პროტესტის გამო. ასობით ადამიანს სცემეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ. 150-ზე მეტი ადამიანი ციხეში აღმოჩნდა. პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები. ჩვენ არ დაგივიწყებთ“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

იუკნევიჩიენე ასევე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას, ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს.

„საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობა, შესაძლოა ამ სიტყვების გამო თავს დამესხას. შესაძლოა თქვან, რომ საქართველო ევროპაში მხოლოდ ცოტას ახსოვს. ეს ასე არ არის. ევროპა გიცნობთ. ევროპა ხედავს რაც ხდება და ევროპა თქვენ გვერდით დგას. ხალხი ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში გატყუებდათ, თითქოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდიოდა. ასევე ტყუილია, როცა ამბობენ, რომ ევროკავშირი საქართველოს ომში ითრევს, ან რომ სხვა გზას რუსეთის შიშით ირჩევენ. მათ რუსეთის არ ეშინიათ. მათ ეშინიათ ევროკავშირისა და იმ თავისუფლებების, რომლებსაც ის თავის მოქალაქეებს ანიჭებს“, – აცხადებს იუკნევიჩიენე.

ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში გადამწყვეტი როლი თავად საქართველოს მოქალაქეებს ეკისრებათ.

„თავისუფალი არჩევნები ყოველთვის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. ასე მოხდა უნგრეთში, ასე მოხდა სერბეთში და მჯერა, ასე მოხდება საქართველოშიც. მაგრამ ცვლილება არ მოვა ბრიუსელიდან ან სტრასბურგიდან. ის საქართველოდან მოვა. ვიცი, რომ ძნელია. ამას დრო სჭირდება. ამას სჭირდება მოთმინება, ერთიანობა და შეუპოვრობა. მაგრამ ცვლილება ყოველთვის მოდის. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, საქართველო!“ – აღნიშნავს ევროპარლამენტარი.