ირანის ხელისუფლების განცხადებით, იორდანიასა და ერაყში აშშ-ის ობიექტებზე იერიში განხორციელდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ირანული მედიის ცნობით, ირანმა ბაჰრეინზეც მიიტანა იერიში.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბევრი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. თუმცა, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე განაცხადა, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში, ერბილში, მდებარე აშშ-ის ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანეს იერიში. ირანული მხარის მტკიცებით, თავდასხმას რამდენიმე ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია ერაყსა და აშშ-ს ამ დრომდე არ დაუდასტურებიათ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემებისა და რეგიონში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების ბოლო მცდელობებს მოჰყვა.
ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდასხმებს სამხრეთ ირანში, სირიკში, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ემსხვერპლა, ხოლო 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორგანიზაციის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საქორწილო წვეულების დროს საცხოვრებელ სახლს რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა.