რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას იმ საწარმოებზე, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.

მედვედევის განცხადებით, ბერლინმა რუსეთს ლაიფციგის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმაში დაუმტკიცებლად დასდო ბრალი.

„გერმანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ნეონაცისტური, მძაფრად რუსოფობიური კურსის გათვალისწინებით, შეთხზული დივერსია მათი ცოდვებისთვის სასჯელის ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ისინი იმსახურებენ პირდაპირ დარტყმას გერმანიაში სამხედრო ტექნიკის ყველა იმ საწარმოზე, რომლებიც „ბანდერისტული კლიკასთვის“ მუშაობენ და, სავსებით შესაძლებელია, ბერლინის სხვა ადგილებშიც“, – აღნიშნა მედვედევმა.

მისი თქმით, „ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ“ და მათი ქმედებების საპასუხოდ ანგარიშსწორება ხორციელდება.

„რაც შეეხება რუსეთის ცაზე სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ შეშლილი ჯამბაზის მუქარას, სახელმწიფოს მეთაურმა ისინი უკვე შეაფასა, როგორც სახელმწიფო ტერორიზმზე ბანდერას რეჟიმის განაცხადი. ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ და მათ ქმედებებს საპასუხო ანგარიშსწორებით პასუხობენ. და კიდევ, ყოველგვარ ტერორს ჰყავს სპონსორები. ამჟამად ეს დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი ევროპული ქვეყნების ლიდერები არიან. ისინი ხშირად მატარებლით მიემგზავრებიან კიევში“, – აღნიშნა მედვედევმა.