ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტი პროკურატურის ინტერესის საგანი გახდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

პროკურატურის ცნობით, საქმე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს და გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმე უკავშირდება თამაზ ელიზბარაშვილის დაკავებას. ის სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, მანამდე კი მისი ავტომობილი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს.

ელიზბარაშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის საცხოვრებელი ბინიდან გამოაგდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სწორედ ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება.