საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ადვოკატის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და მასზე იძალადეს.
საია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მოუწოდებს, ფაქტი დაუყოვნებლივ შეისწავლოს და ადვოკატის პროფესიული უფლებებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად შესაბამისი მექანიზმები გამოიყენოს.
“ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და უზრუნველყოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა დროული გამოვლენა.
ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა და მის მიმართ ძალადობა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტული ადვოკატის უფლებებს, არამედ საადვოკატო საქმიანობის დამოუკიდებლობასა და მართლმსაჯულების განხორციელებას”, – წერია საიას განცხადებაში.
საიას განცხადება თამაზ ელიზბარაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ შემთხვევას ეხება. ბიზნესმენის ადვოკატის, ია სირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა ის საცხოვრებელი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, კარი გადაუკეტეს და ტელეფონის დაგდება აიძულეს.
„წააქციეს და “წიხლებით შედგა ხუთი პოლიციელი”“, – განაცხადა ია სირანაშვილმა.
შეგახსენებთ, თამაზ ელიზბარაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა ადმინისტრაციული წესით.