რუსეთი სომხეთიდან გასასვლელად მზად არის, თუ ერევანი მიიჩნევს, რომ გიუმრიში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის არსებობა საჭირო აღარ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა სომხეთში საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”, – განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.

პუტინის აღნიშნული განცხადება სომხეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე მიმდინარე დისკუსიის ფონზე გაკეთდა. გიუმრიში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა განთავსებული.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ ფაქტობრივად ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის გამოცხადების ტოლფასია, რადგან, მისი თქმით, ორივე ორგანიზაციის წევრობა შეუძლებელია.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საბოლოო არჩევანი სომეხმა ხალხმა უნდა გააკეთოს.

„სომხეთის ხელისუფლებამ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მისცეს. ყველაზე მარტივი ის არის, რომ ხალხს მიმართო და ჰკითხო: „რა გსურთ?“ და სულ ესაა“, – აღნიშნა პუტინმა.