სომხეთში ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი გაგიკ ხაჩატრიანი დააკავეს. ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლე არამ გრიგორიანმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ანტიკორუფციული სასამართლო ავრცელებს.
პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობა სასამართლომ გამთენიისას დააკმაყოფილა. საქმის განხილვა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
გაგიკ ხაჩატრიანი 1-ელ სექტემბერს ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვაზე ის სასამართლოში საკაცით გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მისი სასამართლოში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ხაჩატრიანისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს ეხება.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, გ.ხ.-ს და მისი შვილის ბინებში, ასევე მათთან დაკავშირებული დაახლოებით 21 კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში.
გაგიკ ხაჩატრიანი 2008-2014 წლებში სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
ხაჩატრიანის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოძიება განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების შესაძლო ფაქტებს იძიებს.