ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე მუშაობას გააგრძელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას რუსი ფიზიკური პირების დასანქცირებას დაუთმობს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

ვადეფულმა აღნიშნული განცხადება ირლანდიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები უკვე დააწესა, მაგრამ ჩვენ ფიზიკური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობას მომდევნო კვირების განმავლობაში გავაგრძელებთ“, – განაცხადა იოჰან ვადეფულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე და აღნიშნა, რომ ბერლინის მიერ პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრების შემდეგ ევროპის მხრიდან მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანია.

„რუსეთზე ზეწოლა ძლიერდება, უკრაინის მხარდაჭერა კი მაღალ დონეზე რჩება. ეს ის ერთიანობაა, რომელსაც ახლა ვაჩვენებთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების საკითხი ერთ-ერთი განსახილველი თემაა.