საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს რუსეთის მოქალაქე დენის კულანინის რუსეთში დეპორტირება, სადაც ომის საწინააღმდეგო დისიდენტობის მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, ის შეიძლება თვითნებური დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ავრცელებს.
„დენის კულანინი საჯაროდ დაუპირისპირდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და მხარდაჭერა გამოუცხადა ალექსეი ნავალნის – ორივე ქმედება რუსეთში დანაშაულად ითვლება და პატიმრობით ისჯება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს მისი დეპორტირება რუსეთში, სადაც ომის საწინააღმდეგო დისიდენტობის მკაცრი რეპრესიების ამჟამინდელ პირობებში, ის შეიძლება თვითნებური დევნისა და პატიმრობის, წამების ან სხვა არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციის მტკიცებით, საქართველო ვალდებულია არგაძევების პრინციპი დაიცვას.
„საქართველო ვალდებულია დაიცვას არგაძევების პრინციპი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი პირის ისეთ ქვეყანაში გადაყვანას, სადაც მას ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის რეალური საფრთხე ემუქრება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დენის კულანინს შეეძლოს ეფექტურად მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, მათ შორის ნებაყოფლობით გაემგზავროს უსაფრთხო მესამე ქვეყანაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი. დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში პატიმრობაში იმყოფება.