რუსეთის მიერ კიევში „კოკა-კოლას“ ობიექტზე განხორციელებული დარტყმა იზოლირებული ინციდენტი არ ყოფილა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს კიდევ ერთი განზრახ თავდასხმაა ამერიკულ ბიზნეს ინტერესებზე და რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის ეკონომიკის დაზიანებას და ამერიკული კომპანიების საერთაშორისო ბაზრებიდან განდევნას“, – აცხადებს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდებს.

„მხოლოდ ძალა დააყენებს მოსკოვს თავის ადგილზე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მიიღოს კანონი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ“, – აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ხუთშაბათს, უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დააზიანეს.