ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნეპალის ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის ინფორმაციით, ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა – სანჯაი საჰი და კაბირ მაჰარჯანი – მაშველებმა გამოიყვანეს.

ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწის განცხადებით, ერთ-ერთ გადარჩენილს ხელებისა და ფეხების მოძრაობა არ შეუძლია, ხოლო მეორეს კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირებისა და მაშველების შეფასებით, 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში სულ მცირე 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.

შეგახსენებთ, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნეპალში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის მხარეს სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 540-ზე მეტი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.