ფინეთის სასაზღვრო დაცვის უწყებამ ქვეყნის ტერიტორიის შესაძლო დარღვევის ფაქტზე სამხრეთ სანაპიროზე აღმოჩენილი დრონის გამო გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, როდის და რა ვითარებაში შევიდა საფრენი აპარატი ფინეთის ტერიტორიაზე.
წინასწარი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აღმოჩენილი დრონი, სავარაუდოდ, „გეოსკან 701“-ის ტიპისაა. შესაბამისი უწყებების განცხადებით, აღნიშნული მოდელი როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე სამოქალაქო პირების მიერ გამოიყენება.
ფინეთის სასაზღვრო დაცვის უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, საიდან იყო დრონი, ვინ მართავდა მას ან რა მიზნით გამოიყენებოდა.
ამასთან, ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შემოწმებით, საფრენი აპარატი გეოდეზიური კვლევისა და რუკების შესაქმნელად იყო განკუთვნილი და საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.