საქართველოს პროკურატურა მუქარის ფაქტზე ბრალდებული თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ჩანაწერში ასახულია 31 აგვისტოს ღამეს რესტორნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც, გამოძიების ვერსიით, თამაზ ელიზბარაშვილი მანამდე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დაბრუნდა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი ერთ-ერთ დაზარალებულს შემთხვევით შეხვდა. მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება წარსულში სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს მოჰყვა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მხრიდან აღნიშნული პირისა და მისი ოჯახის მისამართით იყო გაკეთებული.
გამოძიების თანახმად, კონფლიქტის დროს ელიზბარაშვილი დაზარალებულსა და მასთან ერთად მყოფ პირებს დაემუქრა და უთხრა, რომ მომხდარს ასე არ დატოვებდა, დაახლოებით 30 წუთში დაბრუნდებოდა და მათ რესტორნის ტერიტორია არ დაეტოვებინათ.
„ვინაიდან დაზარალებულებისთვის ცნობილი იყო, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ფლობდა იარაღს, რომელიც შესაძლოა გამოეყენებინა მათ წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ, რის გამოც რესტორნის დატოვება გადაწყვიტეს.
დაახლოებით 00:20 საათზე, თამაზ ელიზბარაშვილი მუქარის აღსრულების მიზნით დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც ხელი დემონსტრაციულად ჰქონდა ჩაყოფილი მოსაცმელის უბეში, იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას. ასევე, განაგრძობდა მუქარას და გინებას დაზარალებულების მისამართით. დაზარალებულთა ნაწილს, რომელთაც შემთხვევის ადგილის დატოვება ვერ მოასწრეს და რესტორნის მიმდებარედ იმყოფებოდნენ, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ. დაცვის თანამშრომლების აკრძალვის მიუხედავად, თამაზ ელიზბარაშვილი მაინც შევიდა რესტორნის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა რომ დაზარალებულები იქ აღარ იმყოფებოდნენ, დატოვა მითითებული ტერიტორია”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის აქვს წარდგენილი.