თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი იკითხება.
ის დაცვის მხარის მოწმეა და მისი დღევანდელი ჩვენება იქნება პირველი, ვინაიდან სწორედ, გამოკითხვაზე დაბარებული დააკავეს ლილუაშვილი.
სუს-ის ყოფილი უფროსის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე გამორიცხავს, რომ ლილუაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვოს, ვინაიდან ის წარდგენილ ბრალდების არც ერთ ეპიზოდზე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„გრიგოლ ლილუაშვილი არც ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით თავს დამნაშავედ არ ცნობს. იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც ბრალდების მხარე ბრალის ფორმულირებაში აჟღერებს, ემიჯნება სრულად. გრიგოლ ლილუაშვილი ისაუბრებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთანაც მას ფიზიკურად შემხებლობა არ ჰქონია. ის ისაუბრებს იმაზე, რომ მისი მხრიდან არც ერთ ეპიზოდთან მიმართებით არანაირი დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
მას არც ერთ ეპიზოდზე შემხებლობა არ ჰქონია, შესაბამისად, მფარველობას ვერ გაუწევდა, სხვა დანარჩენს, ის როდესაც მოწმის სახით სასამართლო დარბაზში დაიკითხება, ვრცლად ისაუბრებს და სხდომის დასრულების შემდეგ მოგახსენებთ.
ზოგადად უნდა ვთქვათ, ანდრია ლილუაშვილმა რა ისაუბრა. თავად მან მოახდინა სრული გამიჯვნა და კომუნიკაცია “ქოლ ცენტრებთან” დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილთან აღნიშნულმა პირმა თქვა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან არანაირი სახის მფარველობას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, თავადაც კი არ ყოფილა მსგავს საქმიანობაში ჩართული.
რომეო მიქაუტაძის მიერ რომ ცრუ ჩვენებაა მიცემული, ეს არაერთი მოწმის ჩვენებით დადასტურდა. სხვა დამატებითი კითხვები, რაც შეიძლება არსებობდეს, დღევანდელ პროცესზე დაესმება გრიგოლ ლილუაშვილს და ისიც იმ სიმართლეს ისაუბრებს, რაც რომეო მიქაუტაძის ჩვენების ანულირებას მოახდენს. გამოძიების ეტაპზე, გრიგოლ ლილუაშვილი მოწმის სახით რომ დაებარებინათ და კითხვები დაესვათ, ვფიქრობ, ბრალდების დადგენილებაც არ იარსებებდა გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ. პროკურატურას ცალმხრივი გამოძიება აქვს ნაწარმოები, სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილი ბრალდებულის სკამზე ნამდვილად არ უნდა იყოს წარმოდგენილი. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურამ ვერც ერთ ეპიზოდთან მიმართებაში თავისი ბრალი ვერ დაადასტურა, ახლა მთავარია, სასამართლო იყოს ობიექტური და ამის საფუძველზე მიიღოს ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება, გამამართლებელი განაჩენის სახით ყველა ეპიზოდთან მიმართებით.
ცალსახად გამოვრიცხავ იმას, რომ დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმების განცხადება, მოთხოვნა დააფიქსიროს გრიგოლ ლილუაშვილმა. არ ჩადენილ დანაშაულს ლილუაშვილი არ აღიარებს”,-განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.