კანადა ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და უნიკალური ალიანსის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანადის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება და საუბარია თანამშრომლობის განსხვავებული ფორმატის შექმნაზე.

„ჩვენ ევროკავშირის წევრობისკენ არ ვისწრაფვით. რასაც ვგეგმავთ და რის შესახებაც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, ეს ევროკავშირთან უნიკალური ალიანსია. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და საერთო პრიორიტეტები გვაქვს“, – განაცხადა კარნიმ.

მანამდე, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკ კარნი კანადასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე მუშაობს.