თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალდების საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი რუხაძე მივიდა. იგი აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ირაკლი რუხაძის დაკითხვას დაესწრება.
„დღეს აქ დაიკითხება ირაკლი რუხაძე, რომელმაც პატარკაციშვილი გაძარცვა და ახლა, აქ აპირებს ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. დიდი სურვილი კი არ მაქვს, მაგრამ პატივს დავდებ და დავესწრები ჩვენების მიცემას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეების მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
სააკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.