მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, იმ საქმეზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
საპროცესო შეთანხმება ასევე გაფორმდა ბურჭულაძის ცოლის ძმასთან, ვასილ მხეიძესთან და მის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან. შეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.
შეთანხმების შედეგად, ჯუანშერ ბურჭულაძეს საბოლოოდ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აქედან 3 წელს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლება, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება.
ბურჭულაძე პენიტენციურ დაწესებულებას ზუსტად 2 წელში დატოვებს.
ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აქედან 1 წელსა და 2 თვეს ციხეში მოიხდის, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელად ჩაეთვლება. მას 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი, მისი დამზადებისთვის არსებული მასალა და თუთუნი.
გიორგი ხაინდრავასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან 1 წელსა და 2 თვეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს, 3 წელი კი პირობით სასჯელად ჩაეთვლება. მას ასევე 100 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრა.
სააპელაციო სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. ვასილ მხეიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში, ხოლო გიორგი ხაინდრავა – დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით, დაამტკიცა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაზარალებულის, თავდაცვის სამინისტროს პოზიციაც წარადგინა. უწყების წარმომადგენელმა წერილობით განაცხადა, რომ სამინისტრო წინააღმდეგია საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა ზიანის ანაზღაურების პირობით.
ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი საფუძველი მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ, მათ ჩვენებები მისცეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.
ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 750 ათასი ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მას ასევე უნდა ჩამორთმეოდა ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი, ხოლო 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას საქალაქო სასამართლოს განაჩენით 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ჰქონდათ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების საქმეზე.
ახლად განსაზღვრულმა სასჯელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ სამივე მსჯავრდებულის მიმართ მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დარჩა ძალაში.