საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

კობახიძემ ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერის განცხადებით, ბორაშვილი სამართალდამცავ სისტემაში 20 წელზე მეტია მუშაობს. მისი კარიერა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში დაიწყო და სხვადასხვა ეტაპზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში საქმიანობდა.

2017-2022 წლებში ბორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის პოზიციებზე მუშაობდა. 2022 წელს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბრუნდა და სხვადასხვა დროს სუს-ის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს იკავებდა. მიმდინარე წელს კი სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას. თამაზ ბორაშვილი 20 წელზე მეტია მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017 -2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შს სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი სუს-ის სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი იქნება, რომელიც სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, თამაზ ბორაშვილმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების დასაცავად მუშაობას „ორმაგი ენერგიით“ გააგრძელებს.

„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები, ჩემი არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება“, – განაცხადა ბორაშვილმა.

მან სუს-ის ყოფილ უფროს გელა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გამოწვევებში წარმატება უსურვა.

თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საბოლოოდ საქართველოს პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.

ცნობისთვის, გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.