საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გელა გელაძემ დღეს სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა. პრემიერ-მინისტრმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება აღნიშნა.
„დღეს სუს-ის უფროსმა გეკა გელაძემ დატოვა დაკავებული თანამდებობა. პირველ რიგში, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი და გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის ინფორმაციით, გელა გელაძის ახალი თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნება. მისი შეფასებით, გელაძის გამოცდილება უწყების მუშაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
„გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს. კიდევ ერთხელ ვუხდი გეკა გელაძეს მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გელა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობამდე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ მან დღეს სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.