რუსი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ და ამას მომავალშიც გააგრძელებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვს კომენტარი სთხოვეს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, იაგოდინის სადგურზე სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშთან დაკავშირებით.

„თუ სწორად გავიგე, საუბარი უკრაინის ტერიტორიაზეა. ჩვენი სამხედროები თავიანთ ამოცანებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ასრულებენ და ამის გაგრძელებას აპირებენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს რუსეთის ძალებმა დრონებით იერიში მიიტანეს უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე იაგოდინის სადგურზე მყოფი სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე.

უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „უკრზალიზნიცას“ ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმის სამიზნე დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელიც ლოკომოტივის დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე იაგოდინის სადგურზე იმყოფებოდა.

მატარებლით ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის უსაფრთხოების მრჩევლები და ყოფილი ლიდერები გადაადგილდებოდნენ. მათ შორის იყო დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.