საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე წარადგინა.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბითაძეს სახელმწიფო მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა პერიოდში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში კულტურის მიმართულებასაც კურირებდა.

პრემიერის განცხადებით, მაია ბითაძე 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს. ამასთან, ის სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის წლების მანძილზე იყო გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ასევე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებას. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც მაიას ვთხოვეთ დაეკავებიან საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობის დაკავება მისთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა. ძალიან კარგად ვიაზრებ პასუხისმგებლობის იმ ხარისხს, რომელიც მაკისრია როგორც გუნდის, ასევე თითოეული იმ ადამიანის წინაშე, ვინც ქმნის ქართულ კულტურას. კულტურა ეს არამხოლოდ შემოქმედება და კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ეს ჩვენი ერის თვითმყოფადობის იდენტობის ნაწილი და ის ენაა, რითაც ჩვენ უნდა ვესაუბროთ მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ახალ თანამდებობაზე მუშაობისას ის მზად არის, მოუსმინოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და დარგის პროფესიონალებს.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელს გუნდს, ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლებია ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. კარგად მესმის, თუ რა დიდი გზა გვაქვს გასავლელი. იმედი მაქვს, რომ ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა, ღირსეულად გავართმევ თავს იმ ნდობას და პასუხისმგებლობას, რომელიც გუნდმა დამაკისრა. სფეროში მოვდივარ მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურებრივი გამოცდილებით. ასევე, დიდი სურვილით, რომ მოვუსმინო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, არის დარგის პროფესიონალი, გული შესტკივა და უყვარს ეს სფერო. ძალიან დიდი მადლობა და იმედი მაქვს, გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც მე პრემიერმა და გუნდმა გამომიცხადა“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური 28 ივლისს გახდა, როდესაც პოსტი თინათინ რუხაძემ დატოვა. მან თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს მას არ აძლევდა შესაძლებლობას, სათანადო ყურადღება დაეთმო საქმისთვის, რომელიც მისთვის ძვირფასია.