„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნითაც მიმართავს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც „გახარია საქართველოსთვის“ დაემატება.

კირცხალიამ განმარტა, რომ თავდაპირველ სარჩელში გიორგი გახარიას პარტიის არყოფნა ოპოზიციური ძალისთვის მიცემულ შანსს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიას შესაძლებლობა მისცა, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულიყო, თუმცა მოგვიანებით მათი მხრიდან, მმართველი გუნდის შეფასებით, არაერთი „დესტრუქციული ქმედება“ განხორციელდა.

„მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება „გახარია საქართველოსთვის“. აქ შეიძლება, გაჩნდეს ახლა კითხვები, რატომ მაშინ არა, როდესაც ის პარტიები იყო მოხსენიებული სარჩელში, რომელიც დღეს უკვე არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი – ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები, როცა აპირებდნენ პარლამენტში შემოსვლას, შემდეგ მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ მათ მივეცით შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან“. მაგრამ ნახეთ პირდაპირი, უხეში და თავხედური არაღიარება კონსტიტუციური წყობილებისა ჩვენს ქვეყანაში, ამის ირგვლივ კი უამრავი მათი დესტრუქციული ქმედება პარლამენტს შიგნით თუ მათ კომენტარებში. ჩვენი საზოგადოებისთვის არ არის ახალი ის, თუ რა ძალას წარმოადგენენ ისინი, ვის ძალას წარმოადგენენ. არ აქვს ფერსა და ნომერს მნიშვნელობა, როდესაც ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აგენტურული ქსელი ემსახურებოდა. ეს ჩვენთვის, პირადად ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია“, – განაცხადა კირცხალიამ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელით „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებისთვის პარლამენტსა და საკრებულოებში მანდატების შეწყვეტის მოთხოვნა არ იქნება დაყენებული.

„ამ სარჩელის პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნილი მანდატების შეწყვეტა დეპუტატებზე პარლამენტსა თუ საკრებულოებში. სარჩელი შედგენილია ძალიან ბევრი უტყუარი ფაქტით“, – აღნიშნა კირცხალიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელით მანამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოსა“ და „ფედერალისტების“ არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითხოვდა.