აშშ და გერმანია სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან შეხვედრისას „ნატო 3.0“-ის, ევროპაში თავდაცვის ხარჯების ზრდისა და ორი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზების საკითხები განიხილა.

შეხვედრის ფარგლებში ჰეგსეთმა და პისტორიუსმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და გერმანიის შეიარაღების შესყიდვების სტრატეგიების ერთმანეთთან დაკავშირებას ითვალისწინებს.

„ნატო 3.0 გერმანიის უდიდესი და ისტორიული სამრეწველო ბაზის საერთო თავდაცვის ინტერესებისთვის მუშაობას მოითხოვს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია ევროპაში თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს.

„ნატო უფრო ევროპული უნდა გახდეს, რათა ტრანსატლანტიკური დარჩეს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.