ჩინეთის მიერ აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ფლობა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, რაც მიუთითებს, რომ პეკინი სავალუტო რეზერვების მართვის პოლიტიკას ცვლის და მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო რთულდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინელი ინვესტორების მფლობელობაში არსებული ამერიკული სახელმწიფო ვალის მოცულობამ, რომელიც აშშ-ის ბანკების მიერ აღირიცხება, ივლისში 618 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

შედარებისთვის, 2013 წლის ნოემბერში ჩინეთის მფლობელობაში აშშ-ის სახელმწიფო ვალის რეკორდული, 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი მოცულობა იყო.

ჩინეთის ოფიციალური მფლობელობის 18-წლიანი მინიმუმი კიდევ უფრო გამოკვეთს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ განსხვავებებს. ამჟამად აშშ მაღალი ინფლაციის პირობებში უზარმაზარ საბიუჯეტო დეფიციტს აფიქსირებს, მაშინ როცა ჩინეთი ეკონომიკური ზრდის შენელებისა და დეფლაციური წნეხის წინაშე დგას და რეკორდულ სავაჭრო პროფიციტს აგროვებს.

წარსულში ჩინეთი ამ პროფიციტის მნიშვნელოვან ნაწილს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში აბანდებდა.

„ჩინეთის მიერ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ფლობის შემცირება გლობალური დივერსიფიკაციის ტენდენციის ნაწილია – ოქროში, სააგენტოს ობლიგაციებსა და სხვა აქტივებში, მათ შორის აქციებში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე“, – განაცხადა BNP Paribas Securities-ის ჩინეთში მრავალაქტივური ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელმა ვეი ლიმ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთს აშშ-ში არსებული აქტივების მზარდი ნაწილი შესაძლოა მესამე მხარის, მათ შორის ბელგიაში მოქმედი Euroclear-ისა და ლუქსემბურგის Clearstream-ის მეშვეობით ჰქონდეს განთავსებული. ამის გამო ჩინეთის მიერ აშშ-ის აქტივების რეალური მოცულობის დადგენა რთულდება.

თუმცა, ოთხშაბათს გამოქვეყნებული აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები მაინც მიუთითებს, რომ ჩინეთი ეტაპობრივად ამცირებს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების ოფიციალურ მფლობელობას და დივერსიფიკაციას ახორციელებს სხვა აქტივებში, მათ შორის ოქროსა და აშშ-ის სააგენტოების ობლიგაციებში.

ეს უკანასკნელი წარმოადგენს იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს, რომელთა გარანტიას აშშ-ის მთავრობა იძლევა.

ჩინეთმა აშშ-ის აქტივების შემცირების პროცესი 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დააჩქარა. მიზეზი პეკინის შიში იყო, რომ მომავალში შესაძლოა თავადაც მსგავსი ზომების სამიზნე გამხდარიყო მას შემდეგ, რაც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის საზღვარგარეთ არსებული რეზერვები გაყინეს.

ჩინეთის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულების შემცირების ნაწილი შესაძლოა ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებითაც იყოს განპირობებული. „ფაინენშელ თაიმსი“ ამ კვირაში წერდა, რომ უცხოელი ინვესტორები ამჟამად აშშ-ის აქციებს უფრო დიდი მოცულობით ყიდულობენ, ვიდრე სახელმწიფო ობლიგაციებს. ეს, ერთი მხრივ, ხელოვნური ინტელექტის ბუმით გაძლიერებული საფონდო ბაზრის მიმზიდველობაზე მიუთითებს, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლოა გარკვეულ შეშფოთებას ასახავდეს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ე.წ. „ურისკო“ აქტივის სტატუსთან დაკავშირებით.

Deutsche Bank-ის ანალიზის მიხედვით, ივნისამდე ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის აქციებში საერთაშორისო ინვესტიციების საშუალო წლიურმა ნაკადმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.8 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა პირველად მიმდინარე საუკუნეში გადააჭარბა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადს, რომელიც 2 პროცენტს შეადგენდა.

გამონაკლისი იყო მხოლოდ COVID-19-ის პანდემიის პერიოდისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომი პერიოდის რამდენიმე მოკლე მონაკვეთი.

„ჩინეთის ნაბიჯი ძირითადად აშშ-ისთვის იმის ჩვენებას ემსახურება, რომ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია სახაზინო ობლიგაციების გაყიდვა“, – განაცხადა საინვესტიციო ბანკ Natixis-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარმა ეკონომისტმა ალისია გარსია ერერომ.

მისი თქმით, გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან აშშ-ის სახელმწიფო ვალის მოცულობით, რომელმაც გასულ თვეში 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

ამასთან, გარსია ერეროს განცხადებით, იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა იაპონელ ინვესტორებს ადგილობრივ ბაზარზე დაბრუნებისკენ უბიძგებს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა კიდევ უფრო დააჩქაროს.

ჩინეთი, რომელიც ამჟამად აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების მფლობელთა შორის იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, ამერიკული სახელმწიფო ვალის მნიშვნელოვან მოცულობას მრავალწლიანი სავაჭრო პროფიციტის შედეგად აგროვებდა. ეს საკითხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ერთ-ერთ სადავო თემად რჩება.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოთქვამენ უცხოელი ინვესტორების მიერ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების გაყიდვის გამო. ასეთი გაყიდვები ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, აშშ-ისთვის სახელმწიფო ვალის რეფინანსირებას აძვირებს.

გაერთიანებული სამეფოს მიერ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ფლობა პირველად თითქმის 1 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. ამ მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო ინვესტორების, მათ შორის ჰეჯ-ფონდების მეშვეობით არის განთავსებული.

ზოგიერთი ჰეჯ-ფონდი სახაზინო ფასიან ქაღალდებს ფლობს და მათზე არბიტრაჟულ სტრატეგიებს იყენებს – მაგალითად, ფიუჩერსებისა და სვოპების გაყიდვის გზით. ფინანსურ ბაზრებზე ამ ტიპის პოზიციებს ხშირად „ბეისის ტრეიდების“ სახელით მოიხსენიებენ.