დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია“, – განაცხადა შოიგუმ.
მისი თქმით, სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი უთანხმოებები არ არსებობს და კონფლიქტის ან დაპირისპირების წარმოშობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს, ვის ინტერესებში შედის მეზობელ ქვეყნებსა და ხალხებს შორის დაპირისპირება.
„როგორც წესი, ამის უკან დასავლელები დგანან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ დერეფნებსა და რესურსებზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნებით“, – აღნიშნა შოიგუმ.
რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადებაც გაიხსენა. მისი თქმით, პაპუაშვილმა „ნათლად და გონივრულად“ აღნიშნა, რომ „შესაძლოა, რუსეთთან ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა საქართველოს“.