აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საკითხზე სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, – ინფორმაციას Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპი შეხვედრაზე ირანთან ომის დასრულების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

Axios-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც აქვს, თუმცა შეხვედრის თაობაზე მხარეებს შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა სურს.

„ვიმედოვნებ, ომის დასრულებისკენ მივიწევთ. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. ვნახოთ, რა გამოვა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.