აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი საზოგადოებას შეახსენებს, რომ უცხოელ აგენტად რეგისტრაციის წესის დარღვევამ შესაძლოა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

დეპარტამენტის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კანონის უზენაესობის დაცვა და აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ მიზნით უწყება ფედერალური კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემაზე მიუთითებს.

„დეპარტამენტი კანონის უზენაესობის დაცვისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგულია, როგორც გარე, ისე შიდა მტრისგან. ის ამას ფედერალური კანონმდებლობის დამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემის გზით ასრულებს. ასეთი ორი ფედერალური კანონია: „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 951-ე მუხლი“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყება როგორც აშშ-ის, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებს მოუწოდებს, ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნები დაიცვან.

„თუ პირი უცხოური ძალის აგენტის სახით მოქმედებს ნებისმიერი საჯარო საქმიანობის განსახორციელებლად, მათ შორის საჯარო დემონსტრაციის მოწყობისთვის, რომლის მიზანიც უცხოური ძალის პროპაგანდის გავრცელებაა, ის უნდა დარეგისტრირდეს ან შესაბამის ფედერალურ ორგანოს შეატყობინოს. ამის შეუსრულებლობამ, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი სასჯელი გამოიწვიოს, მათ შორის, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.