აცტეკების ცივილიზაციისა და ესპანელი კონკისტადორების გამოჩენის შემდეგ მისი დაცემის ისტორიას აღწერილი მრავალსაუკუნოვანი ხელნაწერი მექსიკაში 186 წლის შემდეგ პირველად გამოიფინება.

Codex Azcatitlán, რომელიც ძირითადად პიქტოგრამებითა და ილუსტრაციებით მოგვითხრობს აცტეკების ისტორიის შესახებ, საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1898 წლიდან ინახება. მანამდე კი ხელნაწერმა მექსიკის ფარგლებს გარეთ რამდენიმე ათწლეული გაატარა.

კოდექსი, სავარაუდოდ, XVI საუკუნეში, ესპანელი კონკისტადორების თანამედროვე პერიოდში შეიქმნა. ისტორიკოსებისთვის ის აცტეკების საზოგადოების, კულტურისა და ესპანელთა მიერ მექსიკის დაპყრობის შესახებ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს წარმოადგენს.

ხელნაწერის მექსიკაში დაბრუნება დროებითია და საფრანგეთსა და მექსიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 200 წლისთავთან დაკავშირებული კულტურული გაცვლის ფარგლებში ხორციელდება. საფრანგეთმა მექსიკას Codex Azcatitlán-ის გამოფენისთვის გადმოცემა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მექსიკა საფრანგეთში Codex Boturini-ს დროებით გამოფენაზე გაგზავნის.

Codex Boturini-ს პიქტოგრამებში აღწერილია აცტეკების, იგივე მექსიკის ხალხის, მიგრაციის ისტორია – წინაპართა მიწებიდან ტესკოკოს ტბის სანაპირომდე, სადაც მოგვიანებით აცტეკებმა თავიანთი მთავარი ქალაქი, ტენოჩტიტლანი, დააარსეს.

ორი ისტორიული კოდექსის დროებითი გაცვლის შესახებ შეთანხმებას გასულ წელს მიაღწიეს მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მექსიკაში მაკრონის ვიზიტის დროს.

ისტორიული მემკვიდრეობის საკითხი მექსიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანა წლების განმავლობაში ცდილობს საზღვარგარეთ გატანილი კულტურული და ისტორიული ნივთების დაბრუნებას. მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 2 000-ზე მეტი ისტორიული ობიექტის რეპატრიაცია მოხერხდა.

ხელნაწერის დროებითი დაბრუნება მექსიკაში არა მხოლოდ კულტურული გაცვლის ნაწილია, არამედ შესაძლებლობას იძლევა, აცტეკების ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველწყარო საუკუნეების შემდეგ კვლავ იმ ქვეყნის საზოგადოებამ იხილოს, რომლის ისტორიასაც ის ასახავს.