ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თბილისში საბავშვო ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არცერთი ბავშვის მდგომარეობა გართულების რისკს არ შეიცავდა.
„100-ზე მეტი იყო ბავშვების რაოდენობა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს მიმდინარე გამოძიება დაადგენს და, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა შესაბამის პირებს დაეკისრებათ.
„სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება, რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს ვერ ხედავს.
„მე ვერ ვხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ რაიმე საყვედურის სათქმელად. აინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.