რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის ურთიერთობები „კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით“ ვითარდება.

ამის შესახებ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტ მარატ კამბოლოვისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში წერს, რომლითაც მას ე.წ. „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი და ცხინვალი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ და ურთიერთობას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე აგრძელებენ.

მისივე თქმით, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს ცხინვალის რეგიონის ე.წ. ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხარდაჭერას „სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ მიმართულებით.

პუტინი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი და ცხინვალი გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას მრავალმხრივი პარტნიორული კავშირების გაღრმავებისა და განვითარების მიზნით.

ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გუშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარატ კამბოლოვმა ხმების 84.95% მიიღო და არჩევნებში გაიმარჯვა.