ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში ნოროვირუსის გავრცელება, მისი შეფასებით, შესაძლოა საკვებთან იყოს დაკავშირებული. ამის შესახებ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, შემთხვევების ერთდროულად 20 საბავშვო ბაღში გამოვლენა საჭიროებს იმის სწრაფად დადგენას, იყო თუ არა ეპიდაფეთქება საკვებთან დაკავშირებული და კონკრეტულად რომელი პროდუქტი შეიძლებოდა ყოფილიყო დაბინძურებული.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია ნოროვირუსთან. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან“, — წერს ბუწაშვილი.
ინფექციონისტის განმარტებით, ნოროვირუსის გავრცელების ერთ-ერთი შესაძლო გზა ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადება, შეფუთვა ან საკვებთან სხვა სახის კონტაქტია.
ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შემოწმდეს ყველა ის პერსონალი, რომელიც საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგებაში მონაწილეობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი კვლავ გამოყენებაში.
„ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“, — წერს ინფექციონისტი.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. ცენტრის განცხადებით, კვლევა გრძელდება და საბოლოო შედეგების მიღებისთანავე საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.