იემენელი ჰუსიტების განცხადებით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე „სტრატეგიულად მნიშვნელოვან“ ობიექტებზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერ-რიადის მთავარ აეროპორტთან ცეცხლი და კვამლის დიდი სვეტი შენიშნეს. დაჯგუფებას არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტები იყო მათი სამიზნე დედაქალაქში.
ჰუსიტების ინფორმაციით, მათ ასევე იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ იანბუში „Saudi Aramco-ს“ ობიექტზე. იანბუ ქვეყნის ნავთობის ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია.
დაჯგუფების განცხადებით, თავდასხმები იემენის დედაქალაქ სანაზე განხორციელებულ იერიშს მოჰყვა.
საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შაბათს დილით ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურეს. კოალიციის ინფორმაციით, ასევე აღიკვეთა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები ბიშაში, ფარასანში, ტაიფსა და იანბუში. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, მიადგა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიებს ზიანი.
ჰუსიტების თავდასხმების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და მათ განსაკუთრებული სიფხიზლისკენ მოუწოდა. რეგიონს მიღმა მყოფ მოქალაქეებს კი სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს, სერიოზულად გადახედონ ახლო აღმოსავლეთში ან მის გავლით მგზავრობის გეგმებს.
ჰუსიტები იემენის ჩრდილოეთისა და ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებენ. დაჯგუფება საუდის არაბეთზე თავდასხმებს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ივლისში ერ-რიადის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა.
ჰუსიტების იერიშები, მათივე განცხადებით, მიმართულია საუდის არაბეთის ქალაქების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და საზღვაო გადაზიდვების წინააღმდეგ. რეგიონში დაძაბულობა დამატებით რისკებს ქმნის ნავთობის გლობალური მიწოდებისა და წითელ ზღვაში არსებული საზღვაო მარშრუტებისთვის, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების შეზღუდვის ფონზე.