იაპონია ძლიერი ტაიფუნის მოახლოებას ემზადება, რომელიც ტოკიოს მიმართულებით გადაადგილდება. BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ნალექია მოსალოდნელი.

ტაიფუნის გამო ხუთ პრეფექტურაში 1.6 მილიონზე მეტ ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შესაბამისი განკარგულება 1 674 084 ადამიანს შეეხო იბარაკის, ჩიბას, ტოკიოს, კანაგავასა და შიზუოკის პრეფექტურებში. ამასთან, ევაკუაცია სავალდებულო არ არის.

სტიქიის გამო იაპონიაში დაახლოებით 300 ავიარეისი გაუქმდა. მათ შორის, Japan Airlines-მა 135, ხოლო All Nippon Airways-მა 140 რეისი გააუქმა. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც და ზოგიერთ მიმართულებაზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ძლიერმა ქარმა და ტაიფუნმა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებიც გამოიწვია. კანტოს რეგიონში ელექტროენერგია დაახლოებით 4 000 ოჯახს არ მიეწოდება.

მაშველები ასევე შიშობენ, რომ კანაგავას პრეფექტურაში ნანგრევებში ერთი ადამიანი იმყოფება. მათი ინფორმაციით, მეწყერმა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ოშიმასა და ტოკიოს სამხრეთით მდებარე იზუს კუნძულების ნაწილში წყალდიდობისა და მეწყერების საფრთხის გამო საგანგებო გაფრთხილების უმაღლესი, მეხუთე დონე გამოაცხადა.

ამასთან, იზუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე ჩიბას, კანაგავასა და შიზუოკას პრეფექტურებში მეოთხე დონის გაფრთხილება მოქმედებს.