საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა.

სამიტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, კონფლიქტების პრევენციისა და მათი მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გამოსვლისას ყურადღება საერთაშორისო სტაბილურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერმა ასევე მიმოიხილა საქართველოში და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით. ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა. სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებაზე, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვასა და მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

სამიტის შემდეგ ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზეც დაწერა.

„ნიუ-იორკში, მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი საერთო ერთგულება მულტილატერალიზმის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის პრინციპებისადმი. საქართველოსთვის ეს, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას და არსებული ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ნიშნავს, რათა ხელშესახები პროგრესი მივიღოთ ვაჭრობისა და დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.