საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებს, რომლებიც დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ შორის, მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც სრულად შევიდა ექსპლუატაციაში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის,“- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი თანამშრომლობა საერთო ინტერესის სფეროებში”, – აღნიშნავს პრემიერი.