ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
კალასმა ამის შესახებ ნიუ-იორკში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სანქციების შენარჩუნება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ომის დაფინანსების შესაძლებლობების შესამცირებლად.
“სანქციები რუსეთის ომზე ჩვენი რეაგირების მთავარი საყრდენია, რომლის მიზანიც მოსკოვისთვის დაფინანსების შეწყვეტაა”, – განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ცდილობენ, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები დროულად დაასრულონ და გადაწყვეტილება სწრაფად მიიღონ.
„ჩვენ გვჭირდება ეს სტაბილურობა – რომ სანქციები ხანგრძლივი დროით შენარჩუნდეს”, – აღნიშნა კალასმა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მოქალაქეების, ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის, სანქციების სიიდან შესაძლო ამოღებას უკავშირდება. 21 სექტემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმების საბოლოო გაფორმება ვერ შეძლეს და მოლაპარაკებები გაგრძელდა.
კალასის განცხადებით, ევროკავშირის პოზიცია რუსეთის მიმართ არ შეცვლილა და ბლოკი ახალი სანქციების პაკეტზეც მუშაობს.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც დაახლოებით 3 000 პირსა და ორგანიზაციას მოიცავს და მათ შორის აქტივების გაყინვასა და გადაადგილების შეზღუდვებს ითვალისწინებს, 22 სექტემბერს იწურება. მათი გაგრძელებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
ამასთან, მიმდინარე დავა ევროკავშირის მიერ რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დაწესებულ სექტორულ სანქციებს არ ეხება.