ლიეტუვამ რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეების ფონზე სხვადასხვა სცენარისთვის, მათ შორის მოსახლეობის ევაკუაციისთვის, შესაბამისი გეგმები შეიმუშავა. ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა მინდაუგას სინკევიჩიუსმა BBC-ს განუცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვის მოსახლეობა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეს მუდმივად გრძნობს. პრემიერის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის შემთხვევებიცაა.

„თავდასხმის შემთხვევაში შევებრძოლებით, ბრძოლაში ჩავერთვებით”, – განაცხადა მინდაუგას სინკევიჩიუსმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლებას სხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის მომზადებული აქვს გეგმები. მათ შორის განიხილება ქალაქებიდან ხანდაზმული მოქალაქეების უსაფრთხოდ გაყვანისა და მოსახლეობის ევაკუაციის პროცესში სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილების საკითხები.

„სხვადასხვა სცენარს განვიხილავთ; ყველა მათგანი საჯაროდ აქტიურად არ განიხილება. კონკრეტული საფრთხეების წინაშე ვდგავართ. არა ყოველდღიურ რეჟიმში, თუმცა ამ საფრთხეებს განვიცდით და ეს ჩვენთვის რეალობაა“, – აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.

სინკევიჩიუსმა ასევე ისაუბრა თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მიდგომებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით „აზროვნების შეცვლა“ სჭირდება. ამასთან, მისი თქმით, ლიეტუვა რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან სიახლოვის გამო საფრთხესთან „უფრო ახლოს“ იმყოფება.

ლიეტუვის პრემიერის განცხადებები ქვეყანაში ბოლო პერიოდში საჰაერო სივრცის დარღვევებთან დაკავშირებულ შემთხვევებს მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გამანადგურებლების პილოტებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრ რობერტას კაუნასის განცხადებით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შევიდა.