აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა – FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა – პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრმა სახლმა რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კომპლექსში შესვლა აუკრძალა.
ტელეარხების განცხადებით, ისინი გაშუქების შეჩერებით იმ მედიასაშუალებებს უცხადებენ სოლიდარობას, რომლებსაც თეთრ სახლში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდათ.
ამის პარალელურად, თეთრმა სახლმა ინტერნეტში საკუთარი პლატფორმა – „Trump TV“ – აამოქმედა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის ღონისძიებების პირდაპირ ტრანსლირებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს.
„მიიღეთ განახლებები რეალურ დროში და პირდაპირი ტრანსლაციები უშუალოდ თქვენს ტელეფონზე ზედმეტი ხმაურის გარეშე. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები – პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციისგან“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს თეთრ სახლში შესვლა მას შემდეგ აუკრძალა, რაც აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ყალბ ამბებს“ უწოდებდა.
21 სექტემბერს CNN-მა, MS Now-მ და Politico-მ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ თეთრ სახლში მათი ჟურნალისტებისთვის წვდომის შეზღუდვა აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცულ უფლებებს არღვევს.