შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს. უწყების ცნობით, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლაც აეკრძალათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს, რის შედეგადაც ქვეყნიდან სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები გააძევეს.
უწყების ინფორმაციით, მათ შორის არიან აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, რუსეთის, ეთიოპიის, ეგვიპტის, ერაყის, ინდოეთის, ბურუნდის, პაკისტანის, კენიის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, იორდანიის, ნიგერიის, სომხეთის, უზბეკეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
შსს-ის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს ქვეყანაში უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას. უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მხოლოდ მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 3000-ზე მეტი პირი“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.