თბილისის საქალაქო სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

როგორც საქართველოს პროკურატურა აცხადებს, საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 768 107 ლარის მითვისებისა და გაფლანგვის 10 ეპიზოდს ეხება.

უწყების ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს მეგის ქარდავამ, რომელიც იმ პერიოდში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო, სამხედრო პოლიციისთვის ფარული ხარჯების მუხლით 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით თავდაცვის მინისტრ ბაჩანა ახალაიას მიმართა.

პროკურატურის ცნობით, მინისტრის თანხმობის შემდეგ თანხა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩაირიცხა, თანხა ბანკიდან გამოიტანეს და კონვერტაციის შემდეგ 200 000 აშშ დოლარი ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ქარდავამ თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, 2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე პერიოდში, თითქოსდა ოპერატიული მიზნებისთვის, ჯამში 768 107 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გაფლანგა.

პროკურატურის ინფორმაციით, თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტების დასაფარად ქარდავას დავალებით მომზადდა ფიქტიური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, თანხები თითქოს ავღანეთში მივლენილი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფის მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის იყო დახარჯული.

მეგის ქარდავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ეპიზოდებზე წარედგინა.

სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თუმცა, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოოდ მეგის ქარდავას 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.