მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველი 2026-ის ფარგლებში ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-მდე შემცირდება, დაბალკონდიციური ყურძნის ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ და რთველი 2026-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მაღალკონდიციური საფერავის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ შაქრიანობის მქონე ყურძნის ფასი კილოგრამზე 1.50 ლარი იქნება. 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში კი ფასი 1.30 ლარით განისაზღვრება.

დაბალკონდიციური ყურძნისთვის 16-დან 20 გრადუსამდე საფერავის ფასი კილოგრამზე 1 ლარი იქნება, ხოლო 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელისა და სხვა ჯიშების შემთხვევაში – 90 თეთრი.

როგორც ლევან მეხუზლამ აღნიშნა, ცვლილება შეეხება იმ მევენახეებსაც, რომლებმაც ყურძენი უკვე ჩააბარეს. მისი თქმით, მათთვის ფასი დაკორექტირდება და შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.

„შეგვაქვს გარკვეული კორექტირებები მთავრობის განკარგულებაში, რომელიც განსაზღვრავს ყურძნის ჩაბარების სქემას. პირველი, რაც მინდა აღვნიშნო, ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს. 16%-ს ქვემოთ არც უკვე ღვინისთვის ვარგა, არც სასპირტედაც, იმიტომ რომ ძალიან მცირეა გამოსავლიანობა, ამიტომ რაღაც მინიმალური ნიშნული უნდა დავტოვოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გამოითქვა პრეტენზიები მინიმალურ ხარჯებთან დაკავშირებით, ეს გადასახდელი ფასი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე აიწევს. ანუ 16%-ს ქვემოთ ნებისმიერი ყურძენი, რა თქმა უნდა, იქნება 50 თეთრი.

ასევე, გვიანი რთველის გამო, თითო ხაზით ჩამოიწევს სიმწიფის უმაღლესი ხარისხის მაჩვენებელი. საფერავში იქნება 21-დან 20, ხოლო სხვა დანარჩენ საღვინე ნიშნებში 20-ის მაგივრად 19. ამ შემთხვევაშიც მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 თეთრით მოიმატებს ფასები. 16-დან 19-მდე, საფერავის გარდა, სხვა ჯიშები ჩაბარდება 90 თეთრად, ხოლო საფერავი, რომლის ხარისხი 16-დან 20-მდე გაიზარდა, 1 ლარად. რაც შეეხება უმაღლესი ხარისხის ყურძნებს, ფასი რჩება იგივე – 1.30 ლარი, 19-ს ზემოთ ყველა საღვინე ჯიში, გარდა საფერავისა. ხოლო საფერავის შემთხვევაში 20-ს ზემოთ 1.50 ლარი შენარჩუნდება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ცვლილებები მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყვარელსა და გურჯაანში მევენახეები მეორე დღეა ღვინის საწარმოებთან აქციებს მართავენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ.

მევენახეების განცხადებით, ვენახების მოვლის, შხამქიმიკატების, მუშახელისა და ტრანსპორტირების ხარჯები ყურძნის ჩაბარების ფასს აღემატება. მათი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ნაკლებშაქრიანი ყურძნისთვის განსაზღვრული 30-თეთრიანი ფასი და მიიჩნევენ, რომ ყურძნის მინიმალური ფასი კილოგრამზე ერთი ლარიდან უნდა იწყებოდეს.