აშშ-ის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ალიმოვისთვის ვიზის გაცემაზე უარი რუსეთის მიმართ „მორიგი არამეგობრული ქმედებაა“, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა ალექსანდრე ალიმოვს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად ვიზა არ მისცა.

„ეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მორიგი არამეგობრული ქმედებაა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი აღნიშნულ საკითხს აშშ-ის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრებისას დააყენებს.

„ეს ქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ის, როგორც გაერო-ს შტაბ-ბინის მასპინძელი ქვეყნის, ვალდებულებებს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.