შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს, სამ ადამიანს კი ბრალი წარედგინა. უწყების ცნობით, მათ შორის არის საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი.

გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ ბრალდებულები ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, მცირე ბიზნესით დაკავებულ მამაკაცს სისტემატურად სთხოვდნენ თანხას. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შსს-ს ცნობით, მას ბიზნესსაქმიანობის შეჩერებითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდნენ.

უწყების განცხადებით, დაზარალებულზე ასევე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მუქარისა და დაშინების შედეგად, მეწარმეს სხვადასხვა დროს დაახლოებით 190 ათასი ლარი და მიკროავტობუსი წაართვეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. კიდევ სამ ადამიანს ბრალი წარედგინა, მათ შორის ერთს, რომელიც წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის იძებნება.

ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო მეწარმისგან გამოძალვის გზით დაუფლებული მიკროავტობუსი და ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

ასევე, სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ავტომობილი, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ოჯახის წევრების მფლობელობაში იყო და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხით იყო შეძენილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.